მსოფლიო ბანკმა ტურიზმის სექტორის კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ირკვევა რომ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია ამჟამად ორიენტირებულია ხარჯვის დაბალი მაჩვენებლების მქონე მეზობელ ბაზრებზე, როგორებიცაა რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი. მსოფლიო ბანკის და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ ერთობლივად წარმოდგენილი ანგარიში, მთავრობასთან მსოფლიო ბანკის გრძელვადიანი თანამშრომლობის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ტურიზმის პოტენციალის განვითარებას. ანგარიშის მიხედვით ასევე ცნობილი გახდა ის გამოწვევები, რომელიც აფერხებს ქვეყანაში მაღალი გადახდისუნარიანი ტურისტების მოზიდვას, ესენია: მომსახურების ხარისხი და ტურისტული ინფრასტრუქტურა. აღსანიშნავია, რომ ინდოეთიდან ტურისტების ნაკადის ზრდის მიუხედავად, საქართველოში გასულ წელს, ტურიზმის წამყვანი გლობალური ბაზრებიდან შემოდინების მაჩვენებელმა მხოლოდ 7,3 % შეადგინა. სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის თქმით, იმისთვის რომ ქვეყანამ მაღალი გადახდისუნარიანობის მქონე ტურისტული ბაზრები აითვისოს, საჭიროა რომ აღმოიფხვრას სექტორში არსებული გამოწვევები.
ქვეყანაში ტურისტული პოტენციალის ასამაღლებლად, ჯერ კიდევ 2015 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო 10 წლიანი ხედვის და სტრატეგიული გეგმის შემუშავება სახელწოდებით: ,,საქართველოს ტურიზმი 2025". მსოფლიო ბანკის დახმარებით შემუშავებული ეს გეგმა ფოკუსირებულია ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მარკეტინგზე, მომსახურების ხარისხის ამაღლებასა და ტურიზმის პროდუქტების დივერსიფიკაციაზე