მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის ინფორმაციით, ჩინეთის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები კორონავირუსთან დაკავშირებით სანდო არ არის. მათივე ინფორმაციით, ასევე არ არის სანდო ის ინფორმაცია, რომელსაც რიგი ქვეყნები ავრცელებენ. ასოციაციის ხელმძღვანელის, ფრანკ ულტრიხ მონტგომერის თქმით, აღნიშნული მონაცემები სრული აბსურდია.
"ჩინეთი გამიზნულად მალავდა რეალურ ინფორმაციას და ყალბ მონაცემებს გვაწვდიდა. ზოგიერთი ქვეყნის მონაცემიც ასევე გაუგებარია და ხშირ შემთხვევაში რეალობა ვერ დგინდება",- აღნიშნა მონტგომერმა.
ჩინეთის მიერ ინფორმაციის დამალვაზე საუბრობენ თეთრ სახლშიც. კერძოდ, "ბლუმბერგისთვის" დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტის ნაწილი გახდა ცნობილი, სადაც საუბარია იმაზე, რომ ოფიციალურმა პეკინმა გამიზნულად დამალა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ.