მსოფლიოს უმსხვილესმა ხუთმა ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ ჯამურად 321 მილიარდ 600 მილიონი დოლარი დაკარგა. ამის მიზეზი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ორშაბათს დაფიქსირებულ აქციებზე ფასების ვარდნა გახდა. აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია CNBC-ი იუწყება.
უფრო კონკრეტულად, კომპანია Apple-ის აქციები 22 დოლარით და 86 ცენტით ანუ 7,91%-ით გაუფასურდა და ცალ აქციაზე 266 დოლარი და 17 ცენტი შეადგინა. Microsoft, Facebook და Alphabet-ის აქციები კი სათითაოდ 6%-ზე მეტად გაუფასურდა. Amazon-ის აქციებზე ფასმა 5,3%-ით დაიწია.
შეგახსენებთ, რომ ორშაბათს ამერიკულ ბირჟებზე აქციების ინდექსი მკვეთრად დაეცა. კერძოდ, ვაჭრობის დაწყებისთანავე, S&P 500-ის ინდექსი 7%-ით დაეცა, ამ პერიოდში, Dow Jones-ის ინდექსი 7,2%-ით, NASDAQ Composite-ის კი 6,86%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ბირჟებზე ვარდნა ზედიზედ მესამედ მოხდა. ბაზრების ჩავარდნა კორონავირუსის გავრცელების ფონზე ხდება.