თბილისში რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის პარკის მიმართულებით საბაგირო გზის მშენებლობაზე სახელმწიფო შესყიდვა ხელახლა გამოცხადდა. ტენდერში წინადადებების მიღება 25 მარტიდან დაიწყება და 30 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 7 მილიონ 374 ათას 362 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოების შესრულება უნდა უზრულველყოს ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუმეტეს 18 თვეში.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ რუსთაველი-მთაწმინდის საბაგიროს მშენებლობაზე ტენდერი უკვე მესამედ გამოაცხადა. თავდაპირველად 2020 წლის ნოემბერში გამოაცხადა. მაშინ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 მილიონ 401 ათას 770 ლარი იყო. თუმცა, ტენდერი არ შედგა.
შემდეგი ტენდერი 2020 წლის 4 დეკემბერს გამოაცხადა, 2021 წლის 18 იანვარს განცხადებების მიღება დასრულდა. პრეტედენტი კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტი" იყო. სატენდერო კომისიამ კომპანიას დისკვალიფიკაცია შესაბამისი გამოცდილების არქონის გამო მისცა.