კარტოფილის მოსავლის აღება სამცხე-ჯავახეთში აქტიურ ფაზაშია. სწორედ აღნიშული რეგიონია ცნობილი კარტოფილის მეურნეობით, რომელიც ზამთრის სეზონზე ადგილობრივ ბაზარს პროდუქტით ამარაგებს. ფერმერების თქმით, წელს შარშანდელთან შედარებით მოსავალი დიდია, ფასები კი საკმაოდ დაბალი.
ამ დროისთვის, კარტოფილის საბითუმო ფასი სამცხე-ჯავახეთში 45 თეთრიდან 55 თეთრამდე მერყეობს, რაც ფერმერების შეფასებით, 10 თეთრით ნაკლებია გასული წლის ფასთან შედარებით. როგორც ფერმერები EastFruit-თან საუბრისას აღნიშნავენ, ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამო, ხარჯები გაიზარდა, რადგან კარტოფილის სათესლე მასალა, ისევე როგორც კარტოფილის მოვლის საშუალებები, საქართველოში იმპორტირებულია.
ახალქალაქის კარტოფილის ასოციაციის დირექტორი თვლის, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს მეტი ინფორმაცია სჭირდებათ სათესლე მასალის შესახებ. ის ასევე იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში გაიზრდება ფერმერების ინტერესი შინაური თესლის მიმართ. შედეგად, იმპორტირებული თესლის შესაძენად გამოყოფილი სახსრები დარჩება ქვეყანაში და ადგილობრივ წარმოებას მოხმარდება.