მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მისი მეგობარი, ე.წ. ოქროს მოწმე გურამ ამირხანაშვილი დაიკითხება.
პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი მისმა ადვოკატმა ეკა ხუციშვილმა გააკეთა და განაცხადა, რომ გურამ ამირხანაშვილი მზად არის, გამოძიების კითხვებს პასუხი გასცეს და იმ უზუსტობებზე ისაუბროს, რაც მის ჩვენებებშია.
კითხვაზე, თუ რატომ არ შეატყობინა გურამ ამირხანაშვილმა დილამდე გიორგი შაქარაშვილის ოჯახს მისი გაუჩინარების შესახებ, ადვოკატი პასუხობს, რომ "მისთვის იმ დროისთვის არ იყო ცნობილი, რომ გიორგი შაქარაშვილი ასეთი უბედური შემთხვევის მსხვერპლი იყო". არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატის მურმან ნიკოლეიშვილის განცხადებით კი მთელმა ქვეყანამ იცის რომ ამირხანაშვილის ჩვენება არ არის სანდო და ის პროკურატურის პოზიციას შეესაბამება.
შეგახსენებთ, სწორედ გურამ ამირხანაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან "ტოიოტა ქამრიში"მყოფ 6 მგზავრს.