სალათის ფურცლებისგან მომზადებული სალათები სწორედ გაზაფხულიდან იკავებს ყველაზე დიდ ადგილს ადამიანების კვების რაციონში. მიუხედავად მისი სასარგებლო თვისებებისა, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, თუ თირკმელსა და შარდის ბუშტში ნალექის დაგროვებისკენ მიდრეკილება გაქვთ, უმჯობესია სალათის ფურცლები არ მიირთვათ ძალიან ხშირად. თუ აღნიშნული პრობლემები არ გაქვთ, შეგიძლიათ ხშირად ისიამოვნოთ ამ პროდუქტით მომზადებული სხვადასხვა კერძით, რადგან ის შეიცავს ბევრ ვიტამინს და ბევრ ფოლის მჟავას, ფოლის მჟავა კი ყველაზე საჭირო ორსულებისთვისაა, ასევე ფოლის მჟავა კარგია სისხლზარღვების კედლების გასამაგრებლადაც. თუმცა ორსულებისთვის არ არის რეკომენდებული დიდი რაოდენობით ოხრახუში. მიუხედავად იმისა, რომ ოხრახუშს ბევრი სასარდგებლო თვისება გააჩნია, მასში შემავალმა გარკვეულმა ნივთიერებებმა შესაძლოა პირველი ტრიმესტრის ორსულებში ნაყოფის გაკარგვა გამოიწვიოს. ამიტომ უმჯობესია თუკი ერთ ჯერზე ორსული არ მიიღებს ერთ ჩაის კოვზზე მეტ ოხრახუშს.ასევე სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ოხრახუშის მიმართ იმ პაციენტებმაც, ვისაც დაბალი არტერიული წნევა აწუხებს, ან წნევის დამაქვეითებელ პრეპაატებს იღებს, რადგან ოხრახუში ისევე, როგორც კამა შარდმდენი პროდუქტია და შესაძლოა წნევის ვარდნა გამოიწვიოს. სხვა მხრივ კამაც და ოხრახუშიც სასარგებლო მწვანილეულია და კარგია თუკი მათ დიდ ადგილს დაუთმობთ თქვენი კვების რაციონში. განსაკუთრებით გაზაფხულზე, როცა ადამიანის ორგანიზმი დიდი რაოდენობით ვიტამინებს საჭიროებს. არ დაგავიწყდეთ, ყველა სურნელოვანი მწვანილი, სასარგებლო ეთერზეთების წყაროა, განსაკუთრებით დადებითად კი ეთერზეთები მომნელებელ სისტემაზე მოქმედებს, აუმჯობესებს კუჭის წვენის სეკრეციას, სწორედ ამიტომ ასმევენ ბავშვებს კამის ნახარშს, ასევე არომატულ მწვანილეულში დიდი რაოდენობით ფიტონციდებია, რომელიც ებრძვის მიკრობებსა და ბაქტერიებს. რის გამოც რეკომენდირებულია სურნელოვანი მწვანილეულის არამხოლოდ მირთმევა, არამედ უბრალოდ ოთახში ქოთნით მოტავსებაც.