მუხიანში ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტი აუქციონზე 23 მილიონ ლარად გაიყიდა. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტს შპს (შეპესე) „ინდუსტრიული ქალაქი“ განახორციელებს.
კომპანია 2019 წლის 19 ივნისს არის რეგისტრირებული და მის 100%-იან წილს „სითი ლოფტი” ფლობს. თავის მხრივ, „სითი ლოფტის” 100%-იანი წილის მფლობელი კი ბიზნესმენი თემურ უგულავაა. ამასთან, „სითი ლოფტი” „აჭარა ჯგუფის” რამდენიმე მსხვილ აქტივს, მათ შორის, „ფაბრიკას“ და სხვა ობიექტებს ფლობს.
შეგახსენებთ, რომ მუხიანში „რადიოქალაქის" პროექტზე თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონი 9 სექტემბერს დასრულდა. საწყისი საპრივატიზებო საფასური 22 მილიონ 978 ათას 492 ლარს შეადგენდა, აუქციონში მონაწილე ერთადერთი კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა კი 23 მილიონ 323 ათას 169 ლარია.
ცნობისთვის, მუხიანში დაგეგმილი პროექტის ფარგლებში მოიაზრება ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნა, რომელშიც გაერთიანებული იქნება სავაჭრო სივრცე, სპორტული მოედნები, მუზეუმი, აუზი, ბავშვთა გასართობი ზონა და სხვა. ადგილზე 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება.