რეჟისორები ყოველთვის ინტერესდებოდნენ 1900–იანი წლების პარიზის და განსაკუთრებით "მულენ რუჟის" ისტორიით. ლეგენდარულ კაბარეს მიუძღვნა საკუთარი ნამუშევარი ავსტრალიელმა ბაზ ლურმანმაც, რომელმაც 2001 წელს ნიკოლ კიდმანსა და ევან მაკგრეგორისთან ერთად დადგა არაჩვეულებრივი მიუზიკლი. დრამების "ავსტრალია" და "დიდი გეტსბის" ავტორმა, ჩვეულ სტილში განახორციელა ჩანაფიქრი და მაყურებელს მეტად შთამბეჭდავი სანახაობა შესთავაზა ორიგინალური ისტორიითა და ეფექტური მუსიკალური ნომრებით.
ცნობილი ოპერების - "ტრავიატას", "ორფეოსის და ევრიდიკას", "ბოჰემასა" და "პარიზის ცხოვრების" მოტივებზე შეიქმნილ ფილმს ცნობილი კურტიზანი ქალის – მშვენიერი სატინის, მასზე უსაზღვროდ შეყვარებული ღატაკი მწერლის კრისტიანის და წარჩინებული ჰერცოგის მონროტის ისტორია დაედო საფუძვლად, რომელიც მაცდუნებელ ლამაზმანთან გატარებული ღამის სანაცვლოდ მზად იყო მთელი "მულენ რუჟი" შეეძინა.
ამბობენ, თითქოს სილამაზით, ხმითა და პლასტიკურობით, "მულენ რუჟის" მსახიობები მართლაც აღაფრთოვანებდნენ კაბარეს სტუმრებს, რომელთა შორის მრავლად იყვნენ შეძლებული არისტოკრატები და ცნობილი ხელოვანები, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ "მულენ რუჟი" არაერთხელ გახდა სკანდალური რომანების, გაუზიარებელი ვნებების და ტრაგიკული სასიყვარულო ისტორიების მოწმე.