ცნობილი შვედური ჯგუფის ABBA-ს კომპოზიციებზე შექმნილი მუსიკალური ფილმით რეჟისორმა ფილიდა ლოიდმა, რომელიც მანამდე მხოლოდ ტელე და თეატრალურ დადგმებზე მუშაობა, საკუთარი კინოდებიუტი აღნიშნა, მთავარი როლის შემსრულებელმა მერილ სტრიპმა, კოლინ ფერტმა, პირს ბროსნანმა და სტელან სკარსგარდმა კი, სრულიად განსხვავებულ ამპლუაში მოსინჯეს შესაძლებლობები, რადგან გამოცდილ მსახიობებს ამჯერად თავად მოუწიათ მუსიკალური ნომრების შესრულება.
მუსიკალური კომედია Mamma Mia! ამავე სახელწოდების თეატრალური დადგმის მოტივებზე შეიქმნა, რომლის პრემიერა 1996 წელს შედგა ლონდონში პრინც ედუარდის თეატრში, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე კი, 2000 წელს გადაინაცვლა და სან-ფრანცისკოში, ლოს-ანჯელესსა და ჩიკაგოში მოპოვებული წარმატების შემდეგ დაიდგა ბროდვეის სცენაზე.
2002 წელს მიუზიკლი პრესტიჟულ თეატრალურ პრემიაზე Tony Awards-ზე იქნა წარდგენილი საუკეთესო მუსიკისა და პიესის ნომინაციებში, 2010 წლის აპრილში კი, მეათე ადგილით შევიდა ბროდვეის ყველაზე ხანგრძლივი დადგმების ნუსხაში.
აღსანიშნავია, რომ ორიგინალური პიესა სცენაზე სწორედ ფილიდა ლოიდმა წარმოადგინა, რომელმაც მოგვიანებით მისი ეკრანული ვერსია შესთავაზა კინომოყვარულებს.
ლოიდის ჩანაფიქრით ფილმი არისტოფანეს კლასიკური კომედიების სტრუქტურით შეიქმნა, ძველბერძნული დადგმისთვის დამახასიათებელი ქოროს მონაწილეობით, ტრადიციული კოსტიუმების, ნიღბებისა და სიმბოლოების გამოყენებით.
ერთგვარმა ინტერნაციონალურმა ფილმმა, რომელიც ბრიტანელმა რეჟისორმა შვედური ჯგუფის ცნობილი ჰიტების მოტივებზე დადგა ევროპელი და ამერიკელი მსახიობების მონაწილეობით, იტალიური სახელი შეიძინა და ინგლისურ ენაზე ჩაეშვა გაქირავებაში. მართალია, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფილმის ორი ვერსია შეიქმნა - ორიგინალი მიუზიკლის მსახიობების და პოპულარული კინოვარსკვლავების მონაწილეობით, მაგრამ სრულად პირველი ვერსია არავის უნახავს.