უკრაინელმა მომღერალმა, ნასტია კამენსკიხმა Latin Music Awards-ის დაჯილდოება Black Eyed Peas-თან ერთად გახსნა. არტისტებმა ჯგუფის ცნობილი სიმღერა Where Is The Love? შეასრულეს.
ბენდის ლიდერმა უილ აი ემმა სიმღერაში მცირე ცვლილება შეიტანა და ერთ-ერთ კუპლეტში Pray For Ukraine(ილოცეთ უკრაინისთვის) წარმოთქვა.
"წლევანდელი Latin Music Awards მსოფლიო მშვიდობას ეძღვნებოდა და სიმღერით Where Is The Love? გაიხსნა, რომელიც უკრაინას ეძღვნება. დიდ მადლობას ვუხდი Black Eyed Peas და უილ აი ემს, იმისთვის, რომ ეს სიმღერა დღეს უკრანისადმი სოლიდარობას გამოხატავს". – წერს სოციალურ ქსელში კამენსკიხი.
უკრაინელი მომღერალი დაჯილდოებაზე სიტყვითაც გამოვიდა.
"ყველა ერს აქვს უფლება იცხოვროს დამოუკიდებლად. თითოეული ქალაქი უნდა იყოს დაცული. ყველას გვაქვს უფლება ვიცხოვროთ მშვიდობიანი ცის ქვეშ. ყველას გვაქვს ბედნიერებისა და თავისუფლების უფლება. სწორედ ამიტომ იბრძვის დღეს უკრაინა. გთხოვთ გვერდში დაგვიდგეთ და მხარი დაგვიჭიროთ. რაც ჩემს ქვეყანაში ხდება ეს მხოლოდ ომი არ არის, ეს არის რუსეთის მიერ მოწყობილი გენოციდი. რომ იცოდეთ, როგორი ლამაზია ჩემი ქვეყანა, როგორი უბრალო, გულწრფელი და ნიჭიერი ადამიანები ცხოვრობენ იქ და როგორ ძლიერ უყვართ ლათინოამერიკული მუსიკა. დღეს ისინი ვერ უსმენენ თქვენს მუსიკას, მას მხოლოდ დაბომბვის ხმები ესმით". – ამბობს მომღერალი.