ფრენსის ფორდ კოპოლას ეპიკური დრამა, რომელიც მარიო პიუზოს 1969 წელს გამოსული ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით დაიდგა. ამერიკის კინოხელოვნების ინსტიტუტმა ყველა დროის უდიდეს განგსტერულ დრამად და კინოს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად დაასახელა, რადგან ნოვატორული სიუჟეტის წყალობით, დრამამ ნამდვილი გადატრიალება მოახდინა 1970-იანი წლების ამერიკულ კინოში.
რა თქმა უნდა, რეჟისორები „ნათლიმამამდეც“ მრავლად იღებდნენ განგსტერულ ფილმებს, თუმცა, სწორედ იტალიური კულტურის, სტერეოტიპების სიღრმისეულმა განხილვამ და კრიმინალების რთულ ფსიქოლოგიურ პერსონაჟებად ასახვამ აქცია კოპოლას ფილმი უპრეცედენტო მოვლენად, რომლის მხატვრულმა და ფინანსურმა წარმატებამ იტალო-ამერიკელ განგსტერებზე შექმნილ ფილმებს გაუხსნა გზა.
სწორედ კოპოლას შედევრის შემდეგ შექმნა მარტინ სკორსეზემ თავისი „კარგი ბიჭები“, დევიდ ჩეიზიმ კი პოპულარული სერიალი „სოპრანოს კლანი“. მეტიც, 2014 წელს ამერიკის იტალიური კულტურის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 1990-2010 წლებში 300-ზე მეტი ფილმი შეიქმნა იტალო-ამერიკულ მაფიაზე "ნათლიმამას" გავლენით.