"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე და საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი დვალიშვილი დიპლომატებს შეხვდნენ. როგორც ხატია დეკანოიძე აცხადებს, შეხვედრაზე მათ დიპლომატიურ წარმომადგენლებს ინფორმაციას მიაწოდეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ძმის, კიტა იზორიასა და საპატრულო პოლიციელის გიორგი დვალიშვილს შორის მომხდარ ინციდენტზე.
რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არ წარმოადგინა გიორგი დვალიშვილმა იზორიასთან დაპირისპირების ამსახველი ჩანაწერი თავის დროზე, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ სახელმწიფოს თუ ასეთი კითხვები აქვს მაიორ გიორგი დვალიშვილის მიმართ, ურჩევს სახელმწიფოს და საგამოძიებო ორგანოებს, რომ "ამ დანაშაულებრივი სქემით" დაინტერესდნენ და კითხვები დვალიშვილს დაუსვან.
ხატია დეკანოიძის თქმით, დვალიშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არის. დიპლომატებმა შეხვედრა უკომენტაროდ დატოვეს.