"რუსთავი 2"-ის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ნიკა გვარამიამ გირაოს გადახდაზე უარის თქმის შესახებ პოზიცია შეცვალა. როგორც ნიკა გვარამია აცხადებს, სასამართლოს მიერ შეფარდებული 40 ათასი ლარის გირაოს გადახდის გადაწყვეტილება მიიღო, რითაც ოჯახის, მეგობრების და მის მიერ დაფუძნებული ახალი ტელევიზიის გულშემატკივრების პოზიციას იზიარებს.
"გირაოს თქვენ გადაიხდით, თქვენი გადაწყვეტილებით, რომელსაც ვემორჩილები. განვმარტავ: არავის მიერ ჩუმად შეტანა და არანაირი ფლეშმობები არ იქნება, არაა საჭირო თეატრალიზება. მე თვითონ შევიტან გირაოს, სესხების მსურველი უამრავია. გადავიხდი არა ჩემი, არამედ თქვენი ნებით. იმიტომ, რომ ვემორჩილები თქვენს რაციონალურ პოზიციას და ყველასთვის საჭიროს და სწორს. ყველასთვის, ჩემს გარდა", - აცხადებს გვარამია. ცნობისთვის, საქალაქო სასამართლომ რამდენიმე კვირის წინ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის ოდენობით გირაო დაუწესა. ამასთან, გვარამიას ეკრძალება სპეციალური ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვებაც. გვარამია აცხადებდა, რომ გირაოს თანხას არ გადაიხდიდა.