"მსვლელობა თავისუფლებისთვის" - ასეთია ოპოზიციის აქციის სლოგანი, რომელიც დღეს არის დაგეგმილი. ოპოზიციონერი ლიდერების ინფორმაციით, აქცია დღის პირველი საათისთვის, ფილარმონიასთან, საპროტესტო მსვლელობით დაიწყება, რის შემდეგაც, დემონსტრანტები პარლამენტის წინ გადაინაცვლებენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, აქციაზე ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც დაანონსდება.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ოპოზიცია უკვე რამდენიმე დღეა პერმანენტული პროტესტის რეჟიმშია. აქციებთან ერთად ეწყობა სირცხვილის კორიდორები, შენობების პიკეტირება, პარლამენტის წინ იშლება კარვები.