უიმბლდონის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი კუენტინ ჰალისს დაუპირისპირდა და ოთხ სეტში - 7:6 0:6 7:5 7:6 გაიმარჯვა.
პირველი სეტში მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე იდეალურად თამაშობდნენ. საქმე საბოლოოდ ტაი-ბრეიკზე მივიდა, სადაც ნიკოლოზმა 9:7 გაიმარჯვა და სეტებს შორის ანგარიშში დაწინაურდა.
ბასილაშვილმა მეორე სეტში აბსოლუტურად ყველა გეიმი წააგო - 0:6. მესამე სეტი კი კვლავ დაძაბული გამოდგა. ორივე ჩოგბურთელი დამაჯერებლად თამაშობდა, თუმცა იმ დროს, როდესაც ანგარიში ბასილაშვილის სასარგებლოდ 6:5 იყო, ქართველმა ბრეიკი შეასრულა და სეტი მოიგო.
მეოთხე სეტში მოთამაშეებმა საკუთარი ჩაწოდებები მოიგეს და გამარჯვებულის ბედი ტაი-ბრეიკმა გამოავლინა, სადაც საქართველოს პირველმა ნომერმა უშეცდომოდ იასპარეზა და 7:5 იმარჯვა.
ბასილაშვილმა ამ გამარჯვებით ინგლისურ კორტებზე საუკეთესო მიღწევა გაიმეორა - ნიკა მე-3 წრეში პირველად 7 წლის წინ გავიდა. ქართველის მომდევნო მეტოქე ნიდერლანდელი ტიმ ვან რეიტჰოვენი იქნება.