ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაძაბულ ბრძოლაში 6:4, 4:6, 2:6, 6:3, 6:4 ავსტრიელი დომინიკ ტიმი დაამარცხა. შეხვედრა ოთხ საათს გაგრძელდა. პირველი სეტის წაგების შემდეგ დომინიკმა ზედიზედ ორი პარტია მოიგო, 2:1 დაწინაურდა და შეხვედრის მოგების რეალური შანსი გაუჩნდა. მიუხედავად ჩამორჩენისა ნოვაკმა რეაბილიტირება შეძლო და მეტოქეს ზედიზედ 2 სეტი მოუგო, რითაც საბოლოოდ კიდევ ერთი დიდი სლემის გამარჯვებული გახდა. ნოვაკმა ავსტრალიის ღია პირველობა, მერვედ მოიგო, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ხოლო დიდი სლემის ტურნირს მეჩვიდმეტედ დაეუფლა, რითაც მხოლოდ რაფაელ ნადალს (19) და როჯერ ფედერერს (20) ჩამორჩება. ნოლემ კარიერაში, ერთეულთა თანრიგში 78-ე ტიტული მოიპოვა, რითაც ლეგენდარულ ჯონ მაკინროის გადაასწრო, ყველაზე მეტი 109 ტიტული ჯიმი კონორსს აქვს მოგებული. ავსტრალიაში გამარჯვების შემდეგ, ეიტიპის განახლებულ რეიტინგში სერბი 9720 ქულით პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე რაფა ნადალია, ხოლო სამეულს ლეგენდარული როჯერ ფედერერი ხურავს.