თუ ბავშვი კარგად ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ეს მის ჭკუაზე კი არა, უფროსების ყურადღების ნაკლებობაზე მიანიშნებს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პატარა ბავშვის მიერ პლანშეტის ჩართვა და თამაშის ჩატვირთვა იმაზე რთული სასწავლი სულაც არაა, ვიდრე კბილების გახეხვა. და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი ძალიან ჭკვიანი ან კარგად განვითარებულია. პირიქით, როგორც წესი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ბავშვი პრაქტიკულად მიტოვებულია და სწორედ ტექნოლოგიების გარემოში იზრდება.მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბავშვი ნებისმიერ ტექნოლოგიას ნებისმიერ ასაკში, ერთ კვირაში აითვისებს. ზღაპრებისა და თამაშების, მშობლებთან ჩახუტების და სეირნობის დრო კი სამუდამოდ გაქრება. ამიტომ ნუ იამაყებთ იმით, რომ ბავშვი თავისით რთავს კომპიუტერს, შედის ინტერნეტში და პოულობს საყვარელ თამაშებს თუ ვიდეოებს. ჯობია, გვერდზე მოისვათ და უამბოთ, რას თამაშობდით ადრე, რომელი ზღაპრები გიყვარდათ. ისე გააკეთეთ, რომ როცა გაიზრდება, თქვენთან ერთად გატარებული დრო გაიხსენოს მეტად და არა კომპიუტერთან საათობით ჯდომისას გამქრალი ბავშვობა.სწორედ ახლახან ბრიტანეთში ჩატარებულმა გამოკვლევამ უჩვენა, რომ პატარების დიდი ნაწილი პირველ სიტყვას "დედას" ან "მამას" კი არა, "პლანშეტს" ამბობს. ასე რომ, დასაფიქრებელი გარემოება ნამდვილად არის და სანამ მშობლები კომპიუტერებსა და რობოტებს მთლად არ ჩაუნაცვლებიათ, მეტი დრო გამონახეთ შვილებისთვის.