2020 წლის ოლიმპიური თამაშების გადადება იაპონიის ეკონომიკას 7 ტრილიონ 800 მილიარდი იენი ანუ 74 მილიარდ 200 მილიონი დოლარი დაუჯდება. ამის შესახებ სააგენტო Kyodo იუწყება.
იაპონური ფინანსური კომპანია Nikko Securities-ის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ოლიმპიური თამაშების გადადება ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტის ზრდას 1,4%-ით შეამცირებს. ამასთან, იაპონური კორპორაციების შემოსავლები 2020 წელს შემცირდება 24,4%-ით. Nikko Securities-ში დარწმუნებულნი არიან, რომ ოლიმპიური თამაშების გადადება გარდაუვალი იქნება, თუ ივლისამდე კორონავირუსის გავრცელების შეჩერება ვერ მოხერხდება.
ამ დროისთვის იაპონიაში კორონავირუსით ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 12 გარდაცვლილი. ინფიცირებულთაგან უმეტესობა - 696 ადამიანი მოდის საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ის მგზავრებზე.