სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით პენიტენციურ დაწესებულებებში დღეს არსებული წესრიგი ძალადობრივ მეთოდებს ეფუძნება. ომბუდსმენმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებული სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენება წარადგინა. მისი თქმით, პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურები არსებობს, რომელიც პატიმრებს შორის ძალადობისა და ჩაგვრის მიზეზი ხშირად ხდება.
ომბუდსმენის თქმით, ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში ე.წ.მაყურებლები პრივილეგირებულ მდგომარებაში იმყოფებიან და სხვა პატიმრებს არაფორმალური წესებისადმი დამორჩილებას აიძულებენ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ციხეში ე.წ. მაყურებლები თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს, უგვარებენ პრობლემებს ადმინისტრაციას. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველისა და იუსტიციის მინისტრების მოსმენა მიმდინარეობს.