უკრაინაში ომის 134-ე დღეა. უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, მიკოლაევისა და ხერსონის რაიონებში უკრაინის სარაკეტო-საარტილერიო და საავიაციო შენაერთებმა მოწინააღმდეგის საყრდენ პუნქტსა და საწყობებს დაარტყეს. მათივე ცნობით, დობრიანკას რაიონში, 10-მდე ოკუპანტისგან შემდგარი სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი ცდილობდა უკრაინის ქვედანაყოფების ზურგის მხარეს გადასვლას, თუმცა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 5 რუსი, დაშავდა კიდევ ერთი რუსი ჯარისკაცი, ამიტომ სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა უკან დაიხია.
ამასთან, სარდლობის ცნობით, ოკუპანტებმა სცადეს შტურმი ხერსონის ოლქის ბერისლავსკის რაიონში, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს და უკან დაიხიეს. სარდლობის ინფორმაციით, ოდესის ოლქში უკრაინელ სამხედროებსა და რუს ოკუპანტებს შორის საჰაერო ბრძოლა გაიმართა.
რუსულმა თვითმფრინავმა ოლქს რაკეტა ესროლა, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ის ზღვის თავზე ჩამოაგდეს. დონეცკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ, პავლო კირილენკოს განცხადებით, ქალაქ ტორეცკში, რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ერთი ოჯახის სამი წევრი დაიღუპა. მისი თქმით, რაკეტები ორ კერძო სახლს მოხვდა. ერთი მათგანი, სადაც ოჯახი ცხოვრობდა, მთლიანად განადგურდა და შედეგად გარდაიცვალა ქალიშვილი, დედა და ბებია.