ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ეს არის სააკაშვილის პოლიტიკური დევნა და სახელმწიფო დონეზე აყვანილი არაკანონიერი ქმედებების წახალისება. ჩვენ ვაპირებთ დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას, რომელსაც საჭირო დროს გამოვიყენებთ როგორც საბრალდებო მტკიცებულებას, - ასე გამოეხმაურა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე Страна.ua - ს მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს. რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პარტიაში, გავრცელებული აუდიო ჩანაწერის ავთენტურობაში დარწმუნებულები არიან და აუცილებელია პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს. ევროპულ საქართველოში კი აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის დევნამ ქვეყნის ინტერესებს დიდი ზიანი მიაყენა. პარტიაში სამწუხარო ფაქტად მიაჩნიათ ის, რომ მსოფლიოს ახალ ამბებში საქართველო მსგავსი ინფორმაციების გაჟღერებით ხვდება და არა ეროვნული მნიშვნელობის ამბებით.