პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ ისრაელთან და აშშ-სთან მიღწეული ყველა შეთანხმების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
"დღეიდან პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია და პალესტინის სახელმწიფო თავისუფლდებიან ამერიკისა და ისრაელის მთავრობებთან მიღწეული ყველა შეთანხმებისა და გარიგებით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან, მათ შორის მათგანაც, რომლებიც უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული", - განაცხადა აბასმა საგანგებო შეხვედრაზე.
მისივე თქმით, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს ნებისმიერი ნაწილის ისრაელის მიერ ანექსია "ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების გადაჭრის შანსებს ანგრევს". აბასმა ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა ისრაელს, როგორც ოკუპანტ ძალას, ეკისრება.
"საერთაშორისო საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა ისრაელს, როგორც ოკუპანტ ძალას ეკისრება. აშშ-ს კი, ისრაელის ოკუპანტი მთავრობის მთავარ პარტნიორს, პალესტინელი ხალხის ჩაგვრისთვის სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება", - განაცხადა აბასმა.