როგორც შვეიცარიული ბანკი UBS იტყობინება, პანდემიის პერიოდში, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ქონება მაღალი ტემპით გაიზარდა. ამასთან, ყველაზე დიდ შემოსავალს ტექნოლოგიური და სამრეწველო კომპანიების ხელმძღვანელები ღებულობენ. UBS აკონკრეტებს, რომ მილიარდერთა ქონება აპრილიდან ივლისის ჩათვლით პერიოდში, 27.5 პროცენტით, დაახლოებთ 10 ტრილიონ 900 მილიარდ დოლარამდე არის გაზრდილი.
სტატისტიკის შესაბამისად, წინა პიკი 2017 წელს დაფიქსირდა და მაშინ მილიარდერების ჯამური ქონება 8 ტრილიონ 900 მილიარდ დოლარს აღწევდა. ორივე შემთხვევაში, ქონების მატებას, გლობალური სააქციო ბაზრის ზრდა განაპირობებს.
UBS-ვე მონაცემებით, მსოფლიოში მილიარდერთა რიცხვი 2 ათას 189-მდე გაიზარდა, შედარებისთვის, 2017 წლისთვის, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სია 2 ათას 158 მილიარდერს ითვლიდა. და ეს იმ დროს ხდება, როცა მსოფლიო ბანკის პროგნოზით, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ადამიანების სია, ბოლო ოც წელიწადში პირველად გაიზრდება.
ცალკეულ პიროვნებებს შორის, აღსანიშნავია „ამაზონის“ ჯეფ ბეზოსის და „ტესლას“ ილონ მასკის ქონების მატება. ამის მიზეზი, მათი კომპანიების აქციების ფასის სწრაფი ზრდაა.