პანკისში ახალი ჰესის მშენებლობა იწყება. 27 მეგავატიანი ჰესის - "სამყურისწყალი 2"-ის მშენებლობა ნოემბრიდან დაიწყება და მას კომპანია "ფერი" განახორციელებს.
როგორც ფერის გენერალურმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა "პალიტრანიუსს" განუცხადა, 27 მეგავატიანი ჰესი სოფლიდან 15 კილომეტრის მოშორებით იქნება.
კითხვაზე, რამდენად ელოდებიან ადგილობრივების პროტესტს 27 მეგავატიანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებითაც, ისევე როგორც ეს კიდევ ერთი ჰესის - "ხადორი - 3"-ის მშენებლობის დაწყებისას მოხდა. იორდანიშვილის თქმით, "კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კვლავ მოსალოდნელია დესტრუქციული ქმედებები", თუმცა აღნიშნული ჰესი სოფლიდან 15 კილომეტრითაა დაშორებული და ადგილობრივებთან არანაირი შემხებლობა არ ექნება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში, 5 მეგავატიანი ჰესის "ხადორი - 3"-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა, რაც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.