საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების პლენარულ სესიაზე განხილვას იწყებს.
მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში ორი პროექტია. ერთი მმართველმა გუნდმა, ხოლო მეორე ოპოზიციამ მოამზადა.
განხილვები ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტით დაიწყება, რომლითაც გათვალისწინებულია არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებულია საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება.
უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები 2020 საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. ცვლილებების მიხედვით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება.