მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, პეკინის ქუჩაზე შესაძლოა, პარკირება გაუქმდეს. ამის შესახებ, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას განაცხადა. ამასთან, შესაძლოა პეკინის ქუჩა ცალმხრივიც გახდეს.„პეკინის ქუჩა დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერიაა. ასეთი ინტენსივობით დატვირთული ქუჩა საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს. 1 საათში აქ 6 ათასამდე ავტომობილი მოძრაობს. პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო დროებითი სატრანსპორტო სქემა შედგა და აღმოჩნდა, რომ ეს სქემა კარგად მუშაობს. თუმცა, მას მუდმივი სახე რომ მივცეთ, ამას ჯერ მუშაობა სჭირდება.