ბრაზილიური სახელმწიფო ნავთობკომპანია Petrobras-ის სუფთა მოგებამ 2020 წელს 7 მილიარდ 100 მილიონი რეალი ანუ მილიარდ 300 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
მისივე ანგარიშის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი 82%-ით ნაკლებია 2019 წლის ფინანსურ მაჩვენებელზე, როცა Petrobras-მა 9 მილიარდ 200 მილიონი დოლარის სუფთა მოგება ნახა. ამ ტიპის ვარდნას მოგებაში კომპანია ხსნის Brent მარკის ნავთობის 35%-ით გაიაფებით. ასევე მიზეზად ასახელებს მისი შვილობილი კომპანიების მხრიდან შემოსავლების კლებასა და ბრაზილიის ეროვნული ვალუტის 31%-იან გაუფასურებას. ამასთან, კომპანიის სუფთა ვალი 15 მილიარდ 700 მილიონით არის შემცირებული და 63 მილიარდ 100 მილიონი დოლარია.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კომპანიის მიერ ნედლი ნავთობის მოპოვება იზრდებოდა და დაფიქსირდა რეკორდული 2 მილიონ 840 ათასი ბარელი დღე-ღამეში, მაშინ როცა მის გლობალურ კონკურენტებს მოპოვება უმცირდებოდათ.