კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ ამ ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის აქციები 5 მილიონ 600 ათას დოლარად გაყიდა. Fox News-ის ცნობით, მან აქციებზე ფასის ზრდით ისარგებლა და ისინი მისი ღირებულების პიკზე გაყიდა.
ტელეკომპანიის ცნობით, Pfizer-ის დირექტორმა დაახლოებით 132 ათას 500 აქცია გაყიდა. იმ დღეს ამ კომპანიის აქციებზე ფასმა 15%-ით მოიმატა და ცალზე 41 დოლარი და 94 ცენტი შეადგინა. ამ მომენტისთვის კი მისი ფასი 38 დოლარი და 83 ცენტია.
როგორც ცნობილია, Pfizer-ის მიერ გერმანულ BioNTech-თან ერთად შექმნილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ წარმატებულად გაიარა ტესტები, აღნიშნულმა კი კომპანიის აქციების ფასი რეკორდულად გააძვირა. კომპანიის ცნობით, მათი ვაქცინის გამოყენება 90%-ით ამცირებს კორონავირუსით დაინფიცირების რისკებს. ამ დროისთვის ორივე კომპანია აპირებს მიმართოს მარეგულირებელს მათზე ნებართვის გასაცემად.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის ვაქცინაზე 170 პროექტი მუშაობს.