„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9%-ით შემცირდა და 11.9% შეადგინა.
მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 62.6 პროცენტი შეადგინა.
ამასთან, მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50.9 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.6 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
რაც შეეხება მაჩვენებლებს გენდერულ ჭრილში, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წლის 1-ელ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია როგორც ქალებში ისე კაცებში, შესაბამისად 1.4 და 0.6 პროცენტული პუნქტით.