იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პოლ პოგბა იუვენტუსთან კონტრაქტს უახლოეს ხანებში გააფორმებს. ფრანგი ნახევარმცველი ტურინში ორ კვირაში ჩაფრინდება და იუვენტუსს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და იუვენტუსი პოგბას ივლისში წარადგენს. ფეხბურთელი გუნდთან მინიმუმ 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. პოგბას იუვენტუსი მეორედ დაიმატებს უფასოდ. პირველად ზუსტად 10 წლის წინ მანჩესტერ იუნაიტედიდან და ახლაც, რომელთანაც ფრანგს კონტრაქტი ამოეწურა და კლუბი დატოვა. საინტერესოა ისიც, რომ ტურინულმა გრანდმა პოლი 2016 წელს მანჩესტერში 105 მილიონ ევროდ გაყიდა.