პოლიციამ ხაშურში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა. 1987 წელს დაბადებული პირი რომელიც დააკავეს წარსულში ნასამართლევია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 11 ოქტომბერს, ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაუყოვნებლივ გადაიყვანა სამკურნალო დაწესებულებაში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედის ადგილსამყოფელი მალევე დაადგინეს და იგი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 ხელყუმბარა და სანადირო დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა.