"ეს არის სრულიად აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებული მოთხოვნა," - ასეთია პრემიერის პოზიცია მესამე სექტორთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნაზე. გიორგი კვირიკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში ხელისუფლება მაქსიმალურად ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას უზრუნველვყოფს. "მიუღებელია, რომ არასამთავრობოების ნაწილი, ულტიმატუმის ენით გვესაუბრება და ცდილობს, ბოიკოტის გამოცხადებით ეჭვქვეშ დააყენოს პროცესის ლეგიტიმაცია. მათ განცხადებებში იკვეთება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა, რაც ასევე სრულიად მიუღებელია. ამიტომ მოვუწოდებ მათ, ნუ გასცდებიან საკუთარი საქმიანობის მანდატს ,“ - აცხადებს პრემიერი.