საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ხატია მოისწრაფიშვილი პრესსპიკერის თანამდებობიდან მის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების გამო გაათავისუფლეს.
უფრო კონკრეტულად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ მოისწრაფიშვილის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადება ეწინააღმდეგება პრესსპიკერის პროფესიულ მოვალეობასა და სტანდარტებს.
ადმინისტრაციის განმარტებით, პრესსპიკერის თანამდებობა მკაცრად მოითხოვს, რომ მის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული ყოველი განცხადება მხოლოდ პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პოზიციებს გამოხატავდეს. თავად მოისწრაფიშვილი კი აცხადებდა, რომ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება რიგ საკითხებში აზრთა სხვადასხვაობის გამო თავად მიიღო.
აღსანიშნავია, რომ "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე დაწერა, რომ მოისწრაფიშვილს პოსტის დატოვება "რუსთავი 2"-დან გათავისუფლებული ჟურნალისტებისადმი სოლიდარული ფეისბუქპოსტის გამო აიძულეს.