განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული პირის შეწყალება ჩემთვის არ არის მისაღები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ოხანაშვილის თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკა განხორციელდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ორგანოში იყოს ერთიანი სტანდარტი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით.
სისტემის დახვეწის აუცილებლობაზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკიც და პრეზიდენტის მიერ განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებას სისტემის ხარვეზით ამართლებს.
რაც შეეხება ოპოზიციას, მმართველი გუნდის ოპონენტები საგანგაშო მოვლენად აფასებენ ფაქტს, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში პრეზიდენტმა განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული მეორე პირი შეიწყალა.