შსს-ში როცა მიმიყვანეს, მითხრეს სახელმწიფოსთან ბრძოლაში ვერ მოიგებო, - ამის შესახებ პრეზიდენტის შვილის მეგობარმა თორნიკე კაჭარავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვაში ბრალდებულმა იმ ზეწოლებსა და ძალადობაზე ისაუბრა, რომელიც მის მიმართ განხორციელდა სამართალდამცავების მხრიდან.როგორც კაჭარავამ აღნიშნა, მისთვის თავდაპირველად იარაღის ჩადება უნდოდათ, თუმცა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს."ვიყავი საავადმყოფოში ანალიზების გასაკეთებლად. გარეთ რომ გავედი, შემხვდა დავით კიკნაძე. უკნიდან შემდეგ რამდენიმე ადამიანი მომეპარა და დამაგდეს ძირს. მითხრა კიკნაძემ - კაჭარავა დაწექი ძირს, იარაღს ინახავო. მივხვდი, რომ იარაღის ჩადებას აპირებდნენ და ვუთხარი, არავითარი იარაღი არ მაქვს, საავადმყოფოში ვიყავი, სადაც წელს ზემოთ გახდილი მქონდა და შანსი არაა იარაღი მქონდესთქო. ამის შემდეგ ჩამსვეს მანქანაში და რამდენიმე ქუჩის მოშორებით გადამიყვანეს. როცა გაჩერდა მანქანა, ცოტა ხანი ზოგად თემებზე მელაპარაკებოდნენ, შემდეგ კი ერთ ფეხზე ფეხსაცმლის გახდა დამიწყეს იძულების წესით. ამ დროს ორ ადამიანს ვყავდი გაკავებული, ერთი კი მირტყამდა", - განაცხადა კაჭარავამ.მოსამართლის კითხვაზე, გააცნეს თუ არა მას დაკავებისა და ჩხრეკის ოქმები, ბრალდებულმა აღნიშნა, რომ მისთვის არავითარი დოკუმენტი არ წარუდგენიათ.მისივე თქმით, პოლიციის თანამშრომლის, დავით კიკნაძის მხრიდან დაკავებამდე არაერთხელ ჰქონდა ადგილი მასზე ზეწოლას.