2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ 853 მილიონ 800 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6 პროცენტით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.9 პროცენტი შეადგინა.
ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი არის რუსეთი 199 მილიონი დოლარით. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან რუსეთში ექსპორტი შემცირდა და 60 მილიონ 389 ათას 500 დოლარი შეადგინა. რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, საანგარიშო პერიოდში 138 მილიონ 631 ათას 700 დოლარამდე გაიზარდა.
რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ათეულში ლიდერობს, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლის იმპორტმაც - 26 მილიონ 678 ათას 500 დოლარი შეადგინა, მას მოსდევს ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები - 14 მილიონ 825 ათას 800 დოლარით; მე-3 ადგილზეა ელექტროენერგია - 13 მილიონ 77 ათას 700 დოლარით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი ჩამონათვალში ხორბალი და მესლინი და სატელეფონო აპარატები ინაწილებენ, შესაბამისად, 10 მილიონ 215 ათას 300 და 5 მილიონ 467 ათას 400 დოლარით.