საქართველოს პროკურატურა „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებულ გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყება აცხადებს, რომ გიორგი რურუას ინტერესების დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა გიორგი რურუასგან მთავარი მტკიცებულების ამოღება და დალუქვა არ მოხდა სპეციალური პაკეტით და ყველა წესის დაცვით, სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
პროკურატურის მტკიცებით, სამართალდამცველების მხრიდან ბრალდებულ გიორგი რურუას პირადი ჩხრეკა გადაუდებელ შემთხვევაში ჩატარდა და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი მოთავსებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთმტკიცებათა მოსათავსებლად განკუთვნილ პაკეტში, რომლის დალუქვაც განხორციელდა კანონით დადგენილი ყველა წესის დაცვით. მათივე განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნით სპეციალურ ნივთმტკიცებათა პაკეტზე დატანილი ლუქის მთლიანობა დარღვეული არ არის.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ექსპერტების გამოკითხვა შემდგომ სასამართლო სხდომებზე მოხდება.