პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რუსეთის მოქალაქე და ორი იურიდიული პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.
გამოძიებით დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ განიზრახა მოტყუებით, თაღლითურად დაუფლებოდა არარეზიდენტი ფიზიკური პირების დიდი ოდენობით ფულად თანხებს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მან დაარეგისტრირა ვებგვერდი, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, სასურველი ქვეყნის ბინადრობის, მოქალაქეობის და მართვის მოწმობის კანონიერი გზით მიღებაში სთავაზობდა დახმარებას. ამ გზით, დაკავებულმა პირადად და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მეშვეობით მოახდინა 255 782,2 აშშ დოლარის, 22 400 ევროს და 16 500 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
გამოძიების მსვლელობისას, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების კონფისკაციის მიზნით, დაყადაღებულია სამი საცხოვრებელი ბინა, სამი ავტოფარეხი, ორი ავტომანქანა, 19 920 აშშ დოლარი და 1786 ლარი.