საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საბა სამუშიამ რესტორანში ოთხი ადამიანი დაჭრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულს 20 იანვარს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი ქ. თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ რესტორან „აღა“-ში, საბა სამუშიამ იქ მყოფ საზოგადოებას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან დანის გამოყენებით ერთ პირს მარჯვენა ფეხის მიდამოში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობები, რამაც კუნთის დაზიანება გამოიწვია და ჩაუტარდა ოპერაცია, მეორე პირს დაარტყა დანა მარცხენა კოჭის არეში და მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა, მესამეს კი მარცხენა მუხლის უკანა ნაწილში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა, ხოლო მეოთხე პირს, ასევე დანის გამოყენებით ფეხისა და წინამხრის არეში მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. ს.ს. სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. შეგახსენებთ, რომ აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ რესტორანში 3 ადამიანი დაჭრა.