რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ევროკავშირის მიერ მიღებულ რეზოლუციას "სამარცხვინო ტყუილი" უწოდა.
რეზოლუციის თანახმად, 1939 წელს გაფორმებულმა "რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტმა" მეორე მსოფლიო ომს საფუძველი დაუდო. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის რეზოლუცია "უსაფუძვლოა".
"ლამისაა მათ ომის დაწყებაში ნაცისტურ გერმანიასთან ერთად საბჭოთა კავშირი დაადანაშაულონ. თითქოს მათ დაავიწყდათ ვინ დაესხა თავს პოლონეთს 1939 წლის პირველ სექტემბერს და საბჭოთა კავშირს - 1941 წლის 22 ივნისს", - განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, 1939 წელს მოსკოვში ე.წ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი მესამე რაიხსა და სსრკ-ს შორის დაიდო, რომელიც თავდაუსხმელობას გულისხმობდა. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ პაქტით საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ ძირითადად ევროპის ქვეყნები ინტერესის სფეროებად გადაინაწილეს.