ყანჩისებრთა ოჯახის მრავალრიცხოვან წარმომადგენლებს შორის, დიდი თეთრი ყანჩა თავისი ქათქათა "ქურქით" და განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა. ფრინველი ყველა კონტინენტზე კომფორტულად გრძნობს თავს და არც მტაცებელ მეზობლებს უჩივის, თანამოძმეებისგან დამოუკიდებლად ურჩევნია ცხოვრება და მომავალ მემკვიდრეებზეც მხოლოდ მეწყვილესთან ერთად ზრუნავს.დიდი თეთრი ყანჩა ევროპის და აზიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, აფრიკის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ზომიერად თბილ და ტროპიკულ რეგიონებშია გავრცელებული, ცხოვრობს წყალსატევებთან ახლოს, როგორც ზღვის, ისე მდინარის ნაპირზე, მტკნარ და მლაშე ტბებთან, სადრენაჟო არხებთან ახლოს და ჭაობიან დაბლობზე, თუმცა მისი ნახვა თავისუფლად შეიძლება ჭალასა და გაშლილ მინდვრებზე, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში, ბრინჯის ნარგავებსა და საძოვრებზე.