ყაზახეთის ქალაქ ალმათში პოლიციამ ანტისამთავრობო აქციის ათობით მონაწილე დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. დემონსტრანტები ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის გადადგომას ითხოვდნენ. გარდა ამისა, ისინი ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებას აპროტესტებდნენ. დემონსტრაციის მონაწილეთა ერთ ჯგუფს ხელში ეკავა პლაკატი წარწერით „ვერ ვსუნთქავ,“ რითაც მათ აშშ-ში შავკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმართ სოლიდარობა გამოხატეს. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მცირე შეტაკება მოხდა, რასაც აქციის ათობით მონაწილის დაკავება მოჰყვა.