22:44
3 ივნისი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მშობლები
ყველა მშობელი ოცნებობს იმ დღეზე, როცა შვილი ხვეწნისა თუ სიმკაცრის გარეშე იმეცადინებს - რეალური გამოსავალი კი არცთუ ისე რთულია...
13-02-2019

ყველა მოსწავლის მშობელი ოცნებობს იმ დღეზე, როცა სკოლიდან დაბრუნებული მისი შვილი ისადილებს, ცოტას დაისვენებს და თავისით, ხვეწნა-მუდარისა თუ მკაცრი მითითების გარეშე შეუდგება გაკვეთილების მომზადებას. ბუნებრივია, დედ-მამას სურს, მათი შვილი ბეჯითი, ყურადღებიანი, გამჭრიახი იყოს, ადვილად ამზადებდეს საშინაო დავალებებს, უფროსების დახმარება იშვიათად სჭირდებოდეს და წარმატებებით ახარებდეს მშობლებს.

უმეტესად საქმე სხვაგვარადაა – ბავშვს სულაც არ უნდა საშინაო დავალებების შესრულება, მზადაა, ყველაფერი გააკეთოს, ოღონდ არ იმეცადინოს და ნებისმიერ საქმიანობას უფრო დიდი ხალისით ეკიდება, ვიდრე გაკვეთილების მომზადებას. ხშირად ბავშვს სიზარმაცისკენ ის გარემოება უბიძგებს, რომ ამა თუ იმ საგანში ისე კარგად ვერ ერკვევა, როგორც მისი თანაკლასელები. ამ მარტივი მიზეზის გამო ბავშვი გულს იცრუებს დისციპლინაზე, რომელიც, უბრალოდ არ ესმის. სამწუხაროდ, მშობლებს ხშირად მოსდით შეცდომა - დავალებას თვითონვე უწერენ შვილს, ნაცვლად იმისა, რომ დავალების არსის გარკვევაში დაეხმარონ. ეს მხოლოდ ართულებს ვითარებას. რეალური გამოსავალი კი არცთუ ისე რთულია: საკმარისია, ბავშვს გაუგებარი საკითხი ავუხსნათ.

თითქმის ყველა მშობელი განიცდის შვილის წარუმატებლობას, მაგრამ ზედმეტმა სიმკაცრემ შეიძლება ბავშვს ტყუილისა და შეფასების დამალვისკენ უბიძგოს. ის ნიშანზე ხდება ორიენტირებული და არა ცოდნაზე, ურჩევნია, დავალება თავად კი არ შეასრულოს, არამედ კარგი მოსწავლისაგან გადაიწეროს, რათა მშობლებისათვის მოსაწონი შეფასება მიიღოს. ასე რომ არ მოხდეს, არ დასაჯოთ ბავშვი ცუდი ნიშნის გამო. უბრალოდ, მეტი დრო დაუთმეთ იმ საგნებს, რომელთა სწავლაც უჭირს.

შესაძლოა, მშობლებს მიაჩნდეთ, რომ შვილისათვის ყველაფერს აკეთებენ, მისი კეთილდღეობისათვის 24 საათი მუშაობენ, მაგრამ ბავშვის თვალით ეს ყველაფერი სხვაგვარად ჩანს. ხშირად პატარა თავს მიტოვებულად გრძნობს და უფროსების ყურადღების მიპყრობის ერთადერთ საშუალებად სწორედ ცუდი ნიშნები მიაჩნია. შინ დაბრუნებული დედ-მამა იძულებული ხდება, ყველა საქმე გადადოს და შვილთან ერთად “იმეცადინოს”. მდგომარეობის გამოსწორება არ არის რთული; საჭიროა გულახდილი საუბარი შვილთან, მისი მოსმენა და მეტი ყურადღება.

არის შემთხვევები, როცა ბავშვი ბეჯითია, ნიჭიერი, ყველა დავალებას ადვილად ასრულებს, ერთ დღეს კი რადიკალურად იცვლება და თავს ანებებს გაკვეთილების მომზადებას. ამის მიზეზი შესაძლოა ეგრეთ წოდებული “ვარსკვლავური დაავადება” იყოს. არცთუ იშვიათად წარმატებულ მოსწავლეებს მიაჩნიათ, რომ კარგად სწავლისათვის სულაც არ სჭირდებათ დიდი ძალისხმევა, თავისუფლად შეძლებენ გაკვეთილების სკოლაშივე მომზადებას. პრობლემები მაშინ იჩენს თავს, როცა დავალებები რთულდება და სასწავლო მასალის მოცულობა იმატებს. თუ რადიკალურად არ შეიცვალა ბავშვის დამოკიდებულება სწავლის მიმართ, წარმატებული მოსწავლე ჩამორჩენილთა რიგებში გადაინაცვლებს. მშობელმა დროულად უნდა შეამჩნიოს შვილის ქცევის ეს სახიფათო ტენდენცია, რათა თავიდან აიცილოს მისი არასასურველი შედეგი.

ალბათ, ყველა ოჯახისთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა ბავშვს მეცადინეობის ნაცვლად ფეხბურთის თამაში, ტელევიზორის ყურება ან კომპიუტერთან ჯდომა უნდა. მშობლები გართობას უკრძალავენ, ძალით სვამენ სამეცადინოდ... ეს შედეგს ვერ გამოიღებს. ჯობს გავიგოთ, რითია ბავშვი გატაცებული და მისი საყვარელი გართობისთვის დრო საგანგებოდ გამოვყოთ. ერთი სიტყვით, უნდა გავარკვიოთ, რატომ არ მეცადინეობს ბავშვი და ამ მიზეზის აღმოფხვრა ვცადოთ, ოჯახში სათანადო ფსიქოლოგიური კლიმატი შევქმნათ, შვილის მიმართ მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ - საშინაო დავალებების პრობლემა თანდათან გაქრება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები