ტერმინი გლაუკომა განიმარტება როგორც თვალის ქრონიკული დაავადება და აერთიანებს თვალის დაავადებათა დიდ ჯგუფს.
გლაუკომა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, მაგრამ უფრო ხშირად -45 წლის ზემოთ პაციენტებში გვხვდება. თანდაყოლილი გლაუკომა ვითარდება 0-დან 10 წლამდე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, დაბრმავების მიზეზთაგან გლაუკომა მსოფლიოში მეორე ადგილზეა. მსოფლიოში ყოველ წუთს გლაუკომით ბრმავდება 1 ადამიანი და ყოველ 10 წუთში – 1 ბავშვი. საქართველოში, სავარაუდოდ, 30 000-40 000 ადამიანს აქვს გლაუკომა, ამდენივე ადამიანი დაავადებულია, მაგრამ ამის შესახებ არ იცის.
მნიშვნელოვანია გენეტიკა. გლაუკომა ვერაგი დაავადებაა, რადგან ხშირად ადამიანი შემთხვევით აღმოაჩენს, რომ ვერ ხედავს. რადგანაც როგორც წესი, გლაუკომა დასაწყისში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც პაციენტები ოფთალმოლოგს დაგვიანებით მიმართავენ, როცა დაავადება უკვე განვითარებულია და მხედველობის ნერვში შეუქცევადი ცვლილებებია ჩამოყალიბებული.