„რუსთავი 2“-ის წილის 100%-იანი მფლობელი ქიბარ ხალვაში არხზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს "რუსთავი 2"-ის გადასარჩენად და იმისათვის, რომ შექმნილ ვითარებაში სწრაფად მოხდეს არხის რეაბილიტაცია. როგორც ხალვაში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთი მტკიცებულებაა მისი ვარაუდისა, რომ სააკაშვილი და გვარამია მიზანმიმართულად ანგრევდნენ კომპანიას. ხალვაშის შეფასებით ტელევიზიის ფინანსური ნგრევის შემდეგ, გვარამია არხის თანამშრომლებზე გადაერთო და მათ წინააღმდეგ არნახული ფსიქოლოგიური შეტევა და ბულინგი წამოიწყო. ყველაფრის მიუხედავად, მკაფიოდ ვაფიქსირებ, რომ ყველაფერს გავაკეთებ "რუსთავი 2"-ის გადასარჩენად და იმისათვის, რომ შექმნილ ვითარებაში სწრაფად მოვახერხოთ არხის რეაბილიტაცია და ისევ იმ "კურიერის" დაბრუნება ეთერში, რომელიც უამრავ მაყურებელს მიიზიდავს. სამწუხაროდ, ბევრმა ჟურნალისტმა გუშინ მიიღო ემოციური გადაწყვეტილება, რაც იმედი მაქვს, რომ მალე შეიცვლება, როდესაც დარწმუნდებიან, რომ „რუსთავი2“ არ ღალატობს თავის ძველ ტრადიციას, არის კრიტიკული, შეუპოვარი და დამოუკიდებელი, ისეთი როგორიც იყო წლების წინ, სანამ ბოლომდე პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოექცეოდა და როდესაც მათ საზოგადება ენდობოდა. პოზიტიურ სიახლეებს უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ!"-ნათქვამია ქიბარ ხალვაშის განცხადებაში.