მეცნიერთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ ადამიანის შორეული წინაპარი სწორედ მაიმუნია, რაც არცაა გასაკვირი, რადგან ჩვევებითა და მანერებით ზოგიერთი პრიმატი მართლაც ძალინ ჰგავს თავის "ორფეხა შთამომავალს". ზოოლოგთა მტკიცებით, მაიმუნთა მრავალრიცხოვან ოჯახში განსაკუთრებული სიმპათიით მაკაკა სარგებლობს, რომელიც ადამიანის კარიკატურული ასლია და ზუსტად იმეორებს მის ქცევას. გამონაკლისს არც იაპონური მაკაკა, იგივე თოვლის მაიმუნი წარმოადგენს, რომელიც დამსახურებულად ითვლება ჩრდილოეთ იაპონიის სიმბოლოდ და მთავარ სიამაყედ. ყველაზე ყინვაგამძლე მაიმუნი, რომელიც"ნამდვილი ჩრდილოელი სამურაის" სახელითაც ხშირად სარგებლობს, მეტწილად ამომავალი მზის ქვეყანაში ბინადრობს. მართალია, მაკაკას ისტორიულ სამშობლოდ კუნძული იაკუსიმა ითვლება, მაგრამ დღეს ის მთელ იაპონიაშია გავრცელებული, მაღალმთიანი რეგიონებით დაწყებული სუბტროპიკული ტყეებით დასრულებული.