დამახასიათებელი ლაქების, პატარა თავის და უსაშველოდ გრძელი კისრის წყალობით, ჟირაფი, რომელიც დიდი ხანია აფრიკის სიმბოლოდ ითვლება, არა მხოლოდ ყველაზე ცნობადი, არამედ უჩვეულო და უნიკალური ცხოველია, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ფაუნის სხვა წარმომადგენლებისგან.
მართალია, საუკუნეების წინ ცხოველი აფრიკის მთელ კონტინენტზე ლაღად გრძნობდა თავს, მაგრამ მისი თავისუფლება ეგზოტიკის მოყვარულმა ბრაკონიერებმა იმსხვერპლეს. საგრძნობლად შეთხელდა ჟირაფის პოპულაცია გასული საუკუნის პირველ ნახევარშიც და დღეს მხოლოდ საჰარას უდაბნოდან სამხრეთ-აღმოსავლეთით სავანეებსა და მშრალ ტყეებს შემორჩა.
ზოოპარკში პირველი ჟირაფები ეგვიპტისა და რომში გამოჩნდნენ ჩვენს ერამდე დაახლოებით 1500 წელს, ევროპაში კი, მხოლოდ მე-19 საუკუნის 20-იან წლებში გადმობარგდნენ ავანტიურისტი მოგზაურების წყალობით, რომელთაც გოლიათი ჟირაფი იალქნიანი ნავებით გადაჰყავდათ, ხმელეთზე ტყავის სანდლებს აცმევდნენ ჩლიქების გახეხვისგან დასაცავად, წვიმისგან კი, ლაბადით ფარავდნენ და რამდენიმე კილომეტრზე მიჰყავდათ ფეხით. ცხოველი სწრაფად შეეჩვია უცხო გარემოს და ტყვეობაში გამრავლებას, ამიტომ დღეს მისი ნახვა თითქმის ყველა მსხვილი ქალაქის ზოოპარკში შეიძლება.