მართალია, მცირე ზომის კალია, ერთი შეხედვით აბსოლუტურად უბოროტო მწერის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც არავის აყენებს ზიანს, მაგრამ სინამდვილეში, გარეგნობა მხოლოდ ოსტატურად ნიღბავს მის დამანგრეველ ბუნებას. ფეხსახსრიანმა მწერმა, რომელსაც ძალიან მოსწონს თანამოძმეთა გიგანტურ ურდოში გაერთიანება, საუკუნეების წინ გაიფუჭა სახელი, როცა ნათესების მტრად იქცა და დღემდე სოფლის მეურნეობის მთავარ საფრთხედ ითვლება. ბევრი კალიების შემოსევას სტიქიურ უბედურებას ადარებს, რადგან მრავალმილიონიანი ქარავნის მოულოდნელი თავდასხმა ყოველთვის უზარმაზარი ზარალის და მასობრივი შიმშილის მიზეზი ხდება. ტროპიკებით და სუბტროპიკებით დაწყებული, დასავლეთ ციმბირით დასრულებული, კალია პრაქტიკულად ნებისმიერ კლიმატურ ზონაში, ყველა კონტინენტზე სწრაფად პოულობს საკუთარ ადგილს ანტარქტიდის გარდა. სახეობათა ნაწილი წყალსატევთან ახლოს, ხშირ ბუჩქნარში სახლდება, ნაწილი კი, ნახევრად გაუდაბნოებულ რაიონებში, იშვიათი ბალახით დაფარულ ქვიშრობებში იდებს ბინას.