"დაწყევლილთა კუნძული" - ფილმის მოქმედება 1950-იან წლებში ვითარდება, როცა ეშკლიფის სულით ავადმყოფ ბოროტმოქმედთა კლინიკაში, ერთ-ერთი პაციენტის - რეიჩელ სოლანდოს უცნაური გაუჩინარების გამოსაძიებლად მივლენილი ფედერალური მარშალი ტედი დენიელსი მეწყვილესთან ჩაკ ოულისთან ერთად ჩაება დამთრგუნველი სამკურნალო დაწესებულების ყოველდღიურ ცხოვრებაში.
დაუპატიჟებელი სტუმრების გამოჩენამ კლინიკის პერსონალთან ერთად პაციენტებიც საშინლად გააღიზიანა, რადგან დაკარგულ სოლანდოს ძიებაში დენიელსმა არა მხოლოდ უხერხული შეკითხვებით და მწვავე ბრალდებებით მოაბეზრა თავი ადგილობრივებს, არამედ საკუთარი ცოლის მკვლელს - ვინმე ენდრიუ ლენდისისსაქმის გამოძიებაც სცადა, რომელიც სავარაუდოდ, სწორედ ეშკლიფის კლინიკაში ჰყავდათ გამომწყვდეული. დეტექტივების მუშაობა მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარიშხალმა და ფსიქიატრიული კლინიკის განსაკუთრებით საშიშ კრიმინალთა ბუნტმა გაართულა, რასაც მარშალ დენიელსის ჰალუცინაციები დაემატა და საერთოდ შეუძლებელი გახდა რეალობის მისი კოშმარული წარმოსახვისგან განსხვავება, ფილმის ფინალმა კი, საბოლოოდ თავდაყირა დააყენა მანამდე მოთხრობილი ისტორია და მაყურებელს ეკრანზე ნანახის თავიდან, სრულიად განსხვავებულად გააზრება აიძულა.
„დაწყევლილთა კუნძული“ პირველ რიგში თავისი სიუჟეტითაა საინტერესო, რადგან სკორსეზეს მიერ მოთხრობილი, ერთი შეხედვით რეალური ისტორიაა, სინამდვილეში მხოლოდ ეშკლიფის კლინიკის ექიმების მოგონილი თამაში და ერთგვარი ექსპერიმენტია 67-ე ნომრით დანომრილი პაციენტის ენდრიუ ლენდისის გამოსაფხიზლებლად და მასში ცნობიერების გასაღვიძებლად.